Friday, June 14, 2013

მიქელანჯელო ბუონაროტი

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში ქალაქ კაპრეზში .   მამამისი სასტიკი წინააღმდეგი იყო  რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა.ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა.სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და   "მადონა კიბესთან".  
ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში.

20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.

   „ჯერ არ დაბადებულა კაცი,რომელიც ჩემნაირად იქნებოდა განმსჭვალული ადამიანისადმი უდიდესი სიყვარულით“-წერდა საკუთარ თავზე მიქელანჯელო-აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,ფერმწერი,არქიტექტორი,პოეტი ...
                               


                                   მიქელანჯელო (1475 - 1564) - ჩანაწერები                                                            
 
”ის დიადია, მაგრამ საშიში; მასთან ცხოვრება შეუძლებელია” - პაპი ლეო X მიქელანჯელოზე

”ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიზანი იყო ადამიანის სხეული წარმოედგინა მთლიანობაში, სრულყოფილი პროპორციებით, წარმოეჩინა თავისი დამოკიდებულება ნაირგვარობის, სულიერი გატაცებებისა და სიხარულის მიმართ” - ჯორჯო ვაზარი

”სამართალი რად მიმიჩნევს დამნაშავედ, თუ ქმნილება კარგად ჰარმონირებს მის ავტორთან, თუ მიყვარს, თუ ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი ღვთაებრივი ჩანაფიქრი პატივსა და დიდებას მატებს ნებისმიერ კეთილშობილ ადამიანს”.

”თუ შევაფასებთ იმას, რასაც ამ ცხოვრებაში ვქმნით, დავინახავთ, რომ თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად ხატავს სამყაროს, ქმნის ახალ ფორმებს, თავისებურ ჩაცმულობას, ნაგებობასა და სახლებს, ყანებსა და დამუშავებულ მინდვრებს, ხაზებსა და სახეებს”.

”ჩემი ერთადერთი საზრდო არის ის, რაც იწვის და ცეცხლის ალში მხვევს, რადგან ეგების ვიცოცხლო იმით, რაც სხვათათვის მომაკვდინებელია”.

”დიდებული მშვენიერება, ესოდენ რომ მიყვარდა, გულში უნდა ჩამწვდომოდა და იქ მარადიული ტანჯვის ცეცხლი დაენთო; რა სიამოვნებით ჩავაქრობდი მას ჩემი მზერით”.

”არავითარი მეგობარი არ გამაჩნია და არც მინდა”. ”ყველაფერი წყვდიადითაა მოცული. ამ ტკივილითა და გაჭირვებით სავსე დედამიწაზე მე სიბნელეში ვცხოვრობ”.

”წამოსვლამდე იმ თანხის ნაწილი ვითხოვე, რომელიც სამუშაოს (იულიუს II-ს აკლდამა) გასაგრძელებლად მესაჭიროებოდა. მისმა უწმინდესობამ ორშაბათს დამიბარა. მივედი ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს, ხუთშაბათს...”

პარასკევს მდივანმა სასახლეში რომ არ შეუშვა, გაღიზიანებული მიქელანჯელო ყვირილით გამოვარდა - ”გადაეცით პაპს, თუ ჩემი ნახვა სურს, შეუძლია ყველგან მეძებოს გარდა რომისა”.

”განხეთქილება პაპთან გამოწვეული იყო ბრამანტესა და რაფაელ დე ურბინოს ჩემდამი სიძულვილით; მათი ბრალია, პაპის აკლდამა მისივე სიცოცხლეში რომ არ სრულდება; მათ ჩემი გაკოტრება უნდათ და რაფაელს საამისოდ მიზეზიც აქვს, რადგან ხელოვნებაში თუ რამე გაეგება, ჩემგან ისწავლა”.

”ჩემთვის ყელზე თოკი უნდა წაეჭირათ, მისთვის (პაპისთვის) პატიება რომ მეთხოვა”.

”აგერ უკვე ერთი წელია პაპისგან გროშიც არ მიმიღია. მაინც ვმუშაობ გულნატკენი, ჯანმრთელობაშერყეული, სამუშაო ბევრია, მაგრამ არც ხელისუფლება ჩანს და არც ფული” - სწერს მიქელანჯელო მამამისს.

”პაპ ლეოს (ლეო X) არ სურდა იულიუსისთვის ძეგლი ამეგო”.

”თუ გასაჭირში მიმატოვებს, ჩემთვის ამქვეყნად ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ვიცი, რომ პაპს არც ჩემი გაკოტრება უნდა და არც ჩემი უბედურება”.

”მადლობელი ვარ ზეცისა, თქვენს მშვენიერებას ბოლომდე რომ არ მაზიარა. თუ ამ ასაკში მე ერთიანად არ დავიხარჯე, მხოლოდ იმიტომ, სენიორ, რომ ჩვენი შეხვედრა ასე ხანმოკლე იყო” - სწერს მიქელანჯელო ტომაზო დეი კავალიერის.

”ვცხოვრობ ცოდვისთვის, ვკვდები და მაინც ვცოცხლობ. ჩემი სიცოცხლე მე კი არა, ცოდვას ეკუთვნის. კეთილი ზეცამ მომანიჭა, ბოროტი კი საკუთარმა თავმა”.

”სასიამოვნოა ძილი, მეტადრე გაქვავება, როცა გაჭირვება და სირცხვილი მძვინვარებს; უნარი, თვალი დავხუჭო და არაფერი ვიგრძნო, ჩემი დიდი განძია; ნუ, ნუ გამაღვიძებ, ხმადაბლა ილაპარაკე”.

”ცხადია, რომ (წმინდა პეტრეს ტაძრის) არქიტექტურული ნაწილები ადამიანის სხეულის ნაწილებს უკავშირდება. ის, ვისაც არ ძალუძს გამოსახოს ადამიანის ფიგურა და არ იცის კარგად ანატომია, ვერც არქიტექტურას გაიგებს”.

”ჩემი ცხოვრების მიწურულს, როცა კერპად ხელოვნება და მონარქი გავიხადე, კარგად მესმის, რა შეცდომებით ვიცხოვრე. არც ხატვა, არც ქანდაკება და აღარც დაგმობა, სული მიფრინავს სიყვარულისკენ, რომელსაც ხელები გაუშლია ჩემს გადასარჩენად! ეკლები და ლურსმნები ორივე ხელში. სისხლი, რომელმაც ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა”.

”რამხელა შთაგონებაა ჩემთვის ლამაზი სახე? ამქვეყნად სხვა არაფერი მახარებს და მამაღლებს ნეტარ სულებამდე ასეთი სათნოებით. მასთან შედარებით სხვა ყოველივე უმნიშვნელო მეჩვენება”. ”ტანჯვით შექმნილი ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით, თითქმის უშრომლად გაკეთებული ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. საიდუმლო ის არის, ძალა არ დაზოგო იმის შესაქმნელად, რაც თითქოსდა ძალისხმევის გარეშე გაკეთებული ჩანს”.   


         


No comments:

Post a Comment